Profile photo for Koka Kvernadze
Koka Kvernadze

# როგორ დააბრუნა ლავრენტი ბერიამ საქართველოს კუთვნილი 6 ტონა ოქრო ერევნიდან თბილისში

ეს სტატია ეხება საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ და დრამატულ ეპიზოდს ე.წ. „**6 ტონა ოქროს საქმეს“.** საარქივო მასალებსა და უშიშროების გენერლების მოგონებებზე დაყრდნობით, ტექსტში გაცოცხლებულია 1920-იანი წლების ისტორია, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოქროს მარაგის ნაწილი სომხეთში, რა როლი ითამაშა მის გაუჩინარებაში ნაციონალისტურმა პარტია **„დაშნაკცუცუნმა“ **და როგორ შეძლო 30 წლის **ლავრენტი ბერიამ **მოსკოვის გვერდის ავლით, უპრეცედენტო და სისხლიანი სპეცოპერაცია** „ტარანტულის ქსელის“** ორგანიზება, რის შედეგადაც დაკარგული განძი კვლავ თბილისში დააბრუნა.

ისტორიკოსი პავლე ვასილენკო თავის მოგონებებში ერთ-ერთ ასეთ შოკისმომგვრელ საარქივო მიგნებას აღწერს: ***„2015 წელს მუშაობა მომიწია ძველ, ნახევრად განსაიდუმლოებულ პარტიული არქივის დოკუმენტებზე და იქ არაერთ ძალზე საინტერესო ფაქტს მივაგენი. კონკრეტულად, ხელში ჩამივარდა ე.წ. ’6 ტონა ოქროს საქმეზე’ მიცემული ჩვენებები, ბერიას წინააღმდეგ შეთითხნილ სასამართლო პროცესზე, რომელზეც ბერიას ორეული იმყოფებოდა. ნამდვილი ბერია კი უკვე დიდი ხნის მოკლული იყო“.***

ყველაფერი 1890 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში საფუძველი ჩაეყარა „დაშნაკცუცუნის“ პარტიას, იგივე სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას. ეს პოლიტიკური ძალა 1918-1920 წლებში პირველ სომხურ რესპუბლიკას მართავდა, თუმცა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დაშნაკები სოციალისტური სომხეთის მმართველობაშიც ინტეგრირდნენ. როდესაც 1921 წლის თებერვალში წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობაც დაამხო, ორ „მოძმე“ რესპუბლიკას შორის ფორმალური „დაძმობილება“ გაფორმდა. სწორედ ამ ქაოსის დროს, საქართველოდან გაქცევამდე დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის ოქროს მარაგის ნაწილი 6 ტონა ოქრო საიმედო ადგილას გადამალა. უსაფრთხოების მიზნით, განძი მეზობელ სომხეთში გაიტანეს, მასზე პასუხისმგებლობა კი ვინმე **ბაგრატ გარეგიანმა** აიღო. გარეგიანი „დაშნაკცუცუნის“ გავლენიანი წევრი გახლდათ. მან ქართველებს ერთგულების ფიცი დაუდო, თუმცა, ფიცის დადებიდან მალევე, გარეგინიც და 6 ტონა ოქროც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. წლების განმავლობაში, საქართველოში უკვე გაბატონებული კომუნისტები ამ განძს აქტიურად ეძებდნენ. თუმცა, სომეხი ამხანაგები მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ, ხელებს შლიდნენ, ყველაფერს „საზიზღარ დაშნაკებს“ აბრალებდნენ და აცხადებდნენ, რომ დახმარება არ შეეძლოთ.

ინფორმაცია „შეწერილი“ ოქროს შესახებ საბჭოთა სპეცსამსახურების ახალგაზრდა და უნიჭიერეს ტალანტ ლავრენტი ბერიამდეც მივიდა. 1922 წელს ბაქოდან თბილისში გადმოყვანილი 23 წლის ბერია „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსად დანიშნეს. ნორჩი, მაგრამ საოცრად ალღოიანი ქართველი ჩეკისტი დიდი ენერგიით ჩაება დაკარგული ოქროს ძებნაში.

თუმცა, საქმეს უხილავი ხელი აფერხებდა. როგორც კი ბერია რაიმე რეალურ კვალზე გავიდოდა და ხელჩასაჭიდი ძაფი გამოჩნდებოდა, ის უმალვე წყდებოდა, ინფორმატორებსა თუ მოწმეებს უბრალოდ ანადგურებდნენ. ეს ფარული, სისხლიანი დევნა თითქმის ათ წელს გაგრძელდა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ბერიამ უწყებაში სრული ძალაუფლება მოიპოვა.

გენერალი სერგო გოგლიძე თავის საარქივო მოგონებებში იხსენებდა:* „ლავრენტი პავლოვიჩს მოსვენებას არ აძლევდა სომხების მიერ გატაცებული ექვსი ტონა ოქრო და ყოველთვის მის უკან დაბრუნებას ცდილობდა. მართალია, ის ყოველთვის მაღალ პოსტებზე მუშაობდა და ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გახლდათ. როგორც კი რაიმე კვალზე გავიდოდით, ეს კვალი მალევე იშლებოდა და გვხვდებოდა გვამი, რომელსაც ვერც დაკითხავდი და ვერც პასუხს მოსთხოვდი. ოქროს დაბრუნების რეალური შანსი მას მერე გაჩნდა, რაც 1927 წელს, საქართველოს ’ჩეკას’ უფროსად ლავრენტი ბერია დანიშნეს. ერთი წელიც არ დაგვჭირვებია, არა მარტო ოქროს კვალზე გასასვლელად, არამედ ისეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩასატარებლად, რამაც საქართველოს ’ჩეკას’ პრესტიჟი საბჭოეთში ძალიან აამაღლა...“*

ოპერაციას, რომელიც ბერიამ დაგეგმა, კოდურ სახელად **„ტარანტულის ქსელი“** ერქვა. გოგლიძე, რომელიც ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრი იყო (და რის გამოც მოგვიანებით სიცოცხლე დახვრეტით დაასრულა), თავის ჩანაწერებში ეშმაკურად უვლიდა გვერდს მთავარ მიზანს. ოფიციალურად, ოპერაცია ანტისაბჭოთა ორგანიზაციების განადგურებას ისახავდა მიზნად, თუმცა მისი ფარული და უმთავრესი ამოცანა სწორედ 6 ტონა ქართული ოქროს თბილისში ჩამოტანა იყო. თანაც ისე, რომ მოსკოვის ცენტრალურ აპარატს განძის მითვისების პრეტენზია არ გაჩენოდა.

სერგო გოგლიძის მოგონებების მიხედვით: ***„ლავრენტი პავლოვიჩმა 1928 წელს ამხანაგ სტალინის საიდუმლო განკარგულება გაგვაცნო, ანტისაბჭოურ ორგანიზაციებთან დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღების თაობაზე. ყურადღება იყო გამახვილებული რამდენიმე ორგანიზაციაზე, მათ შორის, ’დაშნაკცუცუნზეც’...სპეცოპერაცია ’ტარანტულის ქსელი’ ’დაშნაკცუცუნის’ გასაშიფრად და დასაპატიმრებლად შეიქმნა და აქტიური საქმიანობა გავშალეთ. საქმემ კი მას მერე წაიწია წინ, რაც არამ ხითარიანი დავაპატიმრეთ...“***

სინამდვილეში, ბერიამ საოცარი კომბინაცია გაათამაშა. მან თავისი 20 წლის ნიჭიერი აგენტი, **რაფიელ სარქისოვი **„დაშნაკცუცუნის“ რიგებში შეაგზავნა. სარქისოვმა წარმატებით გაშიფრა სტრუქტურა და „ჩეკა“ ჯერ არამ ხითარიანზე, ხოლო მისი მეშვეობით თავად ბაგრატ გარეგიანზე გაიყვანა. 10 წლის განმავლობაში გაუჩინარებული გარეგიანი, რომელიც არც ქართულ ემიგრაციას ეკონტაქტებოდა, 1929 წლის დეკემბრის დასაწყისში თბილისში, ავლაბრის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში იმალებოდა. ბერიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: როგორც უწყების ხელმძღვანელი, პირადად ეწვია მიმალვაში მყოფ გარეგიანს და ოქროს ადგილსამყოფლის გამხელის სანაცვლოდ საზღვარგარეთ უსაფრთხოდ გაყვანას შეპირდა. გარეგიანმა გატყდა, მან ბერიას არა მხოლოდ განძის სამალავი დაუსახელა (6 ტონა ოქრო, 2-2 კილოგრამიანი ზოდების სახით, ერევანში, ძველი ხელნაწერების საცავის, „მატენადარანის“ სარდაფში იყო დამარხული), არამედ ერევნის ცენტრალური შტაბ-ბინის, იარაღის საწყობების მისამართები და 60 აქტიური წევრის სიაც გადასცა. ოპერაციის დაწყებამდე ბერიამ საკავშირო „ჩეკას“ უფროსის, ვიაჩესლავ მენჟინსკის გვერდის ავლით, პირადად სტალინთან შეაღწია კრემლში. იოსებ სტალინმა მოუსმინა ახალგაზრდა ჩეკისტს და ჰკითხა: ეყოფოდათ თუ არა ძალები ასეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩასატარებლად, საჭირო ხომ არ იყო ხალხი დაეხმარებინათ ცენტრიდან. ბერიამ, რომელსაც მოსკოვის თვალყურის მოცილება სურდა, თავდაჯერებულად უპასუხა, რომ ხალხი საკმარისი იყო. ასეთ საიდუმლო ოპერაციაში სხვების ჩართვას რაიმე გაუთვალისწინებელი არ გამოეწვია. ბერიას მოსაზრებით, უმჯობესი იქნებოდა თავად მიეხედათ საქმისთვის.

ოპერაცია **„ტარანტულის ქსელი“** გენიალური სიზუსტით განხორციელდა 1929 წლის 21 დეკემბერს სიმბოლურად, როგორც მაშინ ეძახდნენ - სტალინის დაბადების დღეს. ერევანში სპეცოპერაციას პირადად ბერია ხელმძღვანელობდა. ქართველმა ჩეკისტებმა ელვისებურად დააპატიმრეს „დაშნაკცუცუნის“ მთელი ხელმძღვანელობა, სამალავიდან 6 ტონა ოქრო ამოიღეს, საიდუმლოდ ჩამოიტანეს თბილისში და ბანკის საცავებში განათავსეს. ბერიამ, როგორც წესი, არასასურველი მოწმეები არ დატოვა: ბაგრატ გარეგიანი „გაქცევის მცდელობისას“ მოკლეს. ხოლო წარმატებული აგენტი რაფიელ სარქისოვი „ჩეკას“ შტატში აიყვანეს. იგი ჯერ ბერიას პირადი მძღოლი, მოგვიანებით კი მისი დაცვის უფროსი გახდა.

ამ ბრწყინვალე ოპერაციის შემდეგ სტალინმა ბერია მოსკოვში გამოიძახა და პირადად გადაუხადა მადლობა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის განადგურებისთვის. საინტერესოა, რომ საუბრისას სტალინს ოქროს შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს. სავარაუდოდ, სტალინმა ოქროს თბილისში ჩამოტანის შესახებ არაფერი იცოდა, ან ბერიას ეს ნაბიჯი ჩუმად მოუწონა. ასე დაუბრუნდა 6 ტონა ოქრო საქართველოს ბერიას გენიალური სპეცოპერაციის შედეგად.

**ავტორი: კ.კვერნაძე**