მასაჩუსეტსის შტატში კათოლიკე ცოლ-ქმარს სახელმწიფო უწყებამ შვილი ბავშვზე ძალადობის ბრალდების საბაბით ჩამოართვა, რადგან მათ უარი განაცხადეს ქალიშვილის ე.წ. ტრანსგენდერული იდენტობის აღიარებაზე. მშობლების განცხადებით, 2024 წელს მათი 15 წლის შვილი ჯოზეფ და არლინ კუცკოების ოჯახიდან მას შემდეგ წაიყვანეს, რაც ალგონკინის რეგიონულ საშუალო სკოლაში, მათგან ფარულად, გოგონას სოციალური „ტრანზიცია“ ჩაუტარეს. ახლა ისინი იბრძვიან, რათა ქალიშვილი დაიბრუნონ მანამ, სანამ მას ტესტოსტერონის მაღალი დოზებით სამედიცინო „ტრანზიციას“ ჩაუტარებენ.
„ამ შემთხვევაში საჯარო სკოლა სიჯიუტით აგრძელებს ოჯახის და ბავშვის განადგურების მიზანმიმართულ და ადამიანის ღირსების შემლახველ პრაქტიკას. ეს სკოლა სამუდამოდ უნდა დაიხუროს“, — განუცხადა გამოცემა The Washington Stand-ს Family Research Council-ის უფროსმა მკვლევარმა უოლტ ჰეიერმა. „სკოლამ ბავშვზე ემოციურად და ფსიქოლოგიურად იძალადა და მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება მიყენებული ზიანი. ტრანსგენდერულმა სიგიჟემ ჩემი ცხოვრება დაანგრია. შეაჩერეთ ეს სიგიჟე.“
Fox News-ის ცნობით, ოჯახის წინააღმდეგ მუდმივი შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო ბავშვთა და ოჯახთა დეპარტამენტმა (DCF) კუცკოებს ქალიშვილთან ურთიერთობა მას შემდეგ აუკრძალა, რაც მათ უარი თქვეს შვილის მამრობითი სქესის ნაცვალსახელებით მოხსენიებაზე. Fox-ის ცნობითვე, კუცკოების განცხადებით, DCF-მა მათი ქალიშვილი „ვაჟების საერთო საცხოვრებელში მოათავსა, კვირაობით მესაზე დასწრების აკრძალვით კათოლიკური სარწმუნოება წაართვა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და ფსიქიატრიულ პრეპარატებს აძლევს“.
„დღეს მასაჩუსეტსში ხელისუფლებისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კარგ დედას დაგარქმევს, თუ საკუთარ სამ შვილს ძალადობრივად დაახრჩობ, მაგრამ თინეიჯერ ქალიშვილს ჩამოგართმევს, თუ არ გინდა, რომ გენდერულმა ლობიმ ის დაასაჭურისოს და სხეული დაუსახიჩროს. კარგად დაფიქრდით ამაზე“, — დაწერა ორშაბათს X-ზე Daily Wire-ის კომენტატორმა იზაბელ ბრაუნმა.
შაბათ-კვირას კუცკოები თავიანთ ადვოკატ ვერნადეტ ბროილსთან ერთად Fox News-ის პოდკასტ „Lighthouse Faith“-ში გამოჩნდნენ, რომელსაც რელიგიის საკითხთა კორესპონდენტი ლორენ გრინი უძღვება, და შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.
„ნორთბორო-საუთბოროს საჯარო სკოლებმა და მათმა საკონსულტაციო პრაქტიკამ ჩვენს ქალიშვილს გააცნო ლგბტქ [იდეოლოგია] და ისეთი საკითხები, რომლებიც ადამიანის ღირსებისა და კაცად და ქალად შექმნის შესახებ ჩვენს კათოლიკურ რწმენას ეწინააღმდეგება“, — განაცხადა ჯოზეფ კუცკომ.
მან განაგრძო: „ჩვენი ცოდნისა და თანხმობის გარეშე ჩვენი ქალიშვილი ალგონკინის რეგიონულ საშუალო სკოლაში სკოლის კონსულტანტ დენიზ ბრიენზესთან კონსულტაციებზე დააწესეს. ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ მხოლოდ მათემატიკაში დამატებითი დახმარების მისაღებად რჩებოდა.“
კუცკოების თქმით, 2025 წლის იანვრიდან მათ ქალიშვილთან ურთიერთობის საშუალება აღარ ჰქონიათ.
„მათ ვეხვეწებოდი კიდეც, მხოლოდ ჩახუტებისა და კოცნის უფლება მაინც მოეცათ. მითხრეს, რომ არ შეეძლოთ. ამის უფლებას არ გვაძლევენ“, — განმარტა არლინ კუცკომ.
სოფის ოჯახიდან წაყვანამდე სულ რამდენიმე თვით ადრე მან მამას გულთბილი დაბადების დღის ბარათი მისწერა. 2024 წლის ოქტომბერში იგი მამას წერდა: „შენ გარეშე არაფერი მექნებოდა. ამიტომ მთელი გულით, სრულად და გულწრფელად გეუბნები: უსასრულოდ მიყვარხარ“, — წაიკითხა ჯოზეფმა Bill Hemmer-ისა და Dana Perino-ს გადაცემაში „America’s Newsroom“ სტუმრობისას.
კუცკოების განმარტებით, სოფი ბავშვობიდანვე დიდი სიყვარულით იყო დაკავშირებული კათოლიკურ „ეკლესიასთან“.
„მესის დაწყებამდე იგი მრევლს სავარდის ლოცვაში უძღვებოდა. იმდენად ერთგული მორწმუნე იყო — ამის შესახებ „ეკლესიაში“ ყველამ იცოდა — რომ სპეციალური ნებართვა მისცეს, კონფირმაციის საიდუმლო ვადაზე ადრე მიეღო. მას უფლება მისცეს, კონფირმაცია ერთი წლით ადრე გაევლო.“
თუმცა 15 წლის ასაკში სოფიმ შინაგანი სირთულეები განიცადა. ცოტა ხანში კუცკოებმა ქალიშვილზე მეურვეობის უფლების დაკარგვა დაიწყეს. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, სკოლაში რა ხდებოდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჩვენს ოჯახში დაბრუნებაა. თუმცა უფრო მოკლევადიანი მიზანია, ხელი შევუშალოთ მისთვის ტესტოსტერონის მიცემას“, — კიდევ ერთხელ აღნიშნა ჯოზეფ კუცკომ.
ბოიერმა განმარტა, რომ მასაჩუსეტსის კანონმდებლობის თანახმად, DCF-ს შეუძლია სოფის ეს ჰორმონები მშობლების ნებართვის გარეშე მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანია.
„ჩვენ სასამართლოში აქტიურად ვიბრძვით, რათა მათ ამ ახალგაზრდა გოგონას ტესტოსტერონით მოწამვლა ვერ შეძლონ. ამან შესაძლოა იგი უშვილო გახადოს, დაუზიანოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და მის ორგანიზმზე არაერთი შეუქცევადი შედეგი და ზიანი გამოიწვიოს“, — წუხილით განაცხადა ბოიერმა.
მან დასძინა, რომ DCF სოფისთვის ტესტოსტერონის მიცემის დაწყებას გეგმავს.
შესაძლოა, დრო იწურება, მაგრამ კუცკოები აქტიურად იბრძვიან ქალიშვილის სახლში დასაბრუნებლად.
„ჩვენ ის გვიყვარს. ძალიან გვიყვარს. გვენატრება“, — სურს ჯოზეფ კუცკოს, რომ ხალხმა ეს იცოდეს.
ავტორი: ქუინ დელამატერი
გამოქვეყნებულია The Washington Stand-ის მიერ.