გენერალ შარლ დე გოლის პირადი თარჯიმნის და მრჩეველის,კონსტანტინე ანდრონიკაშვილის მოგონებებიდან: "1944 წლის 2 დეკემბერს გენერალი დე გოლი მოსკოვში ჩაფრინდა, იმჟამად საფრანგეთის დროებითი მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად. მათ შორის ვიყავი მეც. სტალინმა იმავე საღამოს მიიღო გენერალი დე გოლი და ორსაათიანი საუბარი ჰქონდა მასთან. წესისამებრ, მსგავსი ტიპის შეხვედრებამდე, წინასწარ თანხმდება თარჯიმნების საკითხები. ხდება ხოლმე, რომ ორივე მხარეს საკუთარი თარჯიმანი ჰყავს, რომლებიც რიგ-რიგობით თარგმნიან. შესაძლებელია, ერთი თარჯიმანიც, რომელიც ორივე მხარეს უთარგმნის. ერთი სიტყვით, ეს საკითხი შეთანხმების შედეგად წყდება. თუმცა, ჩვენთან არავის არაფერი შეუთანხმებია. დე გოლთან ერთად შევედი სტალინთან და აღმოჩნდა, რომ კაბინეტში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით... თავიდან ეს პროტოკოლის ლაფსუსი მეგონა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ სტალინს ლაფსუსები არ მოსდიოდა. - "მობრძანდით, დაბრძანდით", - მიგვიპატიჟა სტალინმა. დე გოლი და სტალინი მრგვალ მაგიდისთან ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, მე - მათ შუაში. დე გოლმა ოთახი შეათვალიერა და მოღიმარი სახით უთხრა სტალინს:"როგორც ვხედავ, ბატონო პრემიერო, ჩვენ აქ ორი ერთზე ვართ". - "რას გულისხმობთ, გენერალო"? - ღიმილითვე მიუგო სტალინმა დე გოლს. - "ორი ფრანგი და ერთი რუსი", – პასუხი არ დააყოვნა გენერალმა. სტალინმა შემომხედა და მითხრა:"გადაუთარგმნეთ ბატონ გენერალს, რომ თუ ეროვნულ უპირატესობაზეა საუბარი, მაშინ პირიქითაა. აქ ერთი ფრანგია და ორი ქართველი. თქვენ, თუ არ ვცდები, თავად იასე ანდრონიკაშვილის ვაჟი ბრძანდებით. თქვენი ოჯახი 1921 წელს წავიდა საფრანგეთში, როცა ექვსი წლის იყავით"... სტალინმა ბოლო წინადადებები ქართულად მითხრა, რამაც მე განმაცვიფრა და ქართულად მივუგე:"დიახ, სწორს ბრძანებთ". დე გოლმა, მართალია, არც რუსული იცოდა და არც ქართული, მაგრამ მიხვდა, რომ სტალინი ორ ენაზე მელაპარაკებოდა და დიდი ინტერესით ელოდა, თუ რას ვუთარგმნიდი. ხოლო, როდესაც ვუთარგმნე, თავი გააქნია და თქვა:"ეს ჩემთვის მოულოდნელობაა. აქამდე რუსი მეგონეთ და არც კი ვიცოდი, რომ ქართველი ყოფილხართ". - დე გოლმა პაუზა გააკეთა. სტალინს შეხედა და ღიმილით უთხრა:"ბოდიშს გიხდით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქამდე არც კი ვიცოდი ქართველი ერის არსებობის შესახებ"... სტალინს აღარაფერი უთქვამს დე გოლისთვის და პირდაპირ განსახილველ საკითხებზე გადავიდა... - სხვათა შორის, ანდრონიკაშვილის მოგონებებს კარგად ავსებს გენერალ ნიკოლაი ვლასიკის მემუარები, რომელშიც სტალინის დაცვის უფროსი შარლ დე გოლის 1944 წლის ვიზიტს იხსენებს:"1944 წლის 8 დეკემბერს დე გოლი და სტალინი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს, დილის 10 საათიდან დღის 3 საათამდე ისაუბრეს და ბოლოს ერთად გაემგზავრნენ იმ ადგილას, სადაც ბოროდინოს ბრძოლის პანორამა იყო. იქ პატარა მუზეუმი იყო მოწყობილი. სტალინი თავად უწევდა გიდობას ფრანგ სტუმარს, მან პირადად დამავალა ბოროდინოს ექსპოზიციის მდგომარეობის გადამოწმება და თან, მითხრა:"ჰმ, თურმე, დე გოლს არ ცოდნია ქართველების არსებობა"...
მუზეუმში რომ შევედით, სტალინმა დე გოლს ბოროდინოს ბრძოლის მოკლე ექსკურსი ჩაუტარა. გენერალ პეტრე ბაგრატიონის სურათთან შეჩერდა და სტუმარს ჰკითხა:"გსმენიათ, ალბათ, გენერალ ბაგრატიონზე"? - "დიახ, ბატონო პრემიერო, მე სამხედრო აკადემიაში მასწავლეს, რომ პეტრე ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული რუსი გენერალი იყო და სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი ბონაპარტის დამარცხებაში"... სტალინს გაეღიმა და დე გოლს მიუგო:"უნდა შეგისწოროთ, გენერალო, პეტრე ბაგრატიონი რუსეთის არმიაში მომსახურე, ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი ქართველი გენერალი გახლდათ და გარწმუნებთ, რომ ასეთები არც თუ ისე ცოტანი იყვნენ და დღესაც არიან".. - "ო, ლა, ლა", - წამოიმძახა დე გოლმა და დააყოლა: "ქართველები დიდებული ხალხი ყოფილხართ - ჭკვიანი და მამაცი. სიტყვას გაძლევთ, ბატონო პრემიერო, რომ ამიერიდან დიდ ინტერესს გამოვიჩენ ქართველებისადმი!"
ამბობენ, რომ სწორედ შარლ დე გოლის ავტორიტეტმა ითამაშა დიდი როლი საფრანგეთიდან ქართული ეროვნული საგანძურის ჩამოტანის საქმეში. დე გოლს თავად გაუგია საგანძურთან დაკავშირებული პრობლემები, მას სტალინისთვის დაურეკავს და უთქვამს:ყველაფერი იდეალურად მოგვარდებაო!" ფოტოზე: შარლ დე გოლი,კონსტანტინე ანდრონიკაშვილი , ჯონ კენედი